ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი - რომელიც ამთავრებს ხუთწლიან ვადას - ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე სერბეთის უარი შესაძლოა, ხელსაყრელი იყოს უკრაინის ომში შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობისთვის.
ზემანმა 30 იანვარს ბელგრადში ყოფნისას განაცხადა, "შუამავალი რომელიმე მხარეს მკაფიოდ არ უნდა იჭერდესო". სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ზემანმა დასძინა, რომ შუამავლის ფუნქციის შესრულება ასევე შეუძლიათ ჩინეთს და თურქეთს.
თურქეთი რამდენჯერმე გამოვიდა ოფიციალური შეთავაზებით შუამავლის როლის შესრულებაზე რუსეთსა და უკრაინას შორის. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა ნიშნები, რომ რომელიმე მხარეს სურს დათანხმდეს პოტენციურ შუამავალთა ძალისხმევას.
ვუჩიჩმა თქვა, რომ ისიც და ზემანიც გმობენ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას და დასძინა, რომ სერბეთი უნიკალურია ევროპაში, რუსეთისთვის სანქციების არდაწესების მხრივ.
ამავე დროს, ვუჩიჩმა გამოაცხადა უკრაინისთვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ. "ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ უკრაინის ზოგიერთი ქალაქის და დასახლების აღდგენაში. მათი ელჩისგან უკვე მივიღეთ შეთავაზება", - განაცხადა ვუჩიჩმა.
მან ასევე თქვა, რომ "სერბეთის ხალხი არასოდეს დაივიწყებს" ზემანის ბოდიშს, 1999 წელს ყოფილი იუგოსლავიის ნატოს ძალებით დაბომბვის გამო.
"მან, ისე როგორც არავინ ევროპაში, გამოავლინა სიმამაცე. გვაჩვენა, როგორ შეუძლიათ ისტორიის შექმნა დიად და გულად ადამიანებს. ის, რაც მან ორი წლის წინ თქვა, ჩვენი მოქალაქეების გულებში რჩება", - თქვა ვუჩიჩმა.
ზემანმა 2021 წელს ვუჩიჩთან პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მოიხადა ბოდიში დაბომბვისთვის, რომელსაც ის მაშინ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში დასთანხმდა.
ნატომ დაბომბვის კამპანია დაიწყო სერბეთის ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების და კოსოვოში ომის დროს იქიდან ალბანელი მოსახლეობის გადინების გამო.
კამპანიამ 78 დღე გასტანა და დასრულდა შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც სერბეთის სამხედრო და საპოლიციო ძალები კოსოვოდან გავიდნენ.
სერბეთში ვიზიტი ზემანის გამოსამშვიდობებელი ტურნეს ნაწილია, ის ხუთწლიან ვადას ამთავრებს. თავისი მმართველობის დროს ზემანი ჩეხეთის მოქალაქეებში უთანხმოებას იწვევდა, მათ შორის პეკინთან და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე მოსკოვთან კავშირების უფრო გაღრმავებისკენ მოწოდებებით.
ზემანის შემცვლელი, გადამდგარი სამხედრო გენერალი პეტრ პაველი, ჩეხეთში 28 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად, არჩევნების მეორე ტურით. პაველმა გაიმარჯვა კამპანიით, რომელიც მოიცავდა ნატოსა და ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის და უკრაინის დახმარების მოწოდებებს.