Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი ევროპას ადანაშაულებს იმაში, რომ მხარი არ დაუჭირა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას


პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის, პასუხად, რომ ჩეჩნეთი იმსახურებს დამოუკიდებლობას, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს მხარი არ დაუჭირეს არაღიარებულ იჩქერიას.

"სად იყავით, როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით? როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპის სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ; დღეს კი თქვენ მოულოდნელად გადაწყვიტეთ, მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?"- აცხადებს თავის ტელეგრამაში რამზან კადიროვი.

კადიროვი ამბობს, რომ იყო „თავგადაკლული იჩქერიელი“, მაგრამ ევროპამ არ მისცა შესაძლებლობა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს, „აეშენებინათ საკუთარი სახელმწიფო“. აქვე კადიროვმა „მოღალატეები“ უწოდა იჩქერიის დღევანდელ მომხრეებს და შეეცადა გაემართლებინა უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ამ კონტექსტში მან პოლონეთის ხელისუფლებას მიმართა მუქარის სიტყვებით: „დაეცით მუხლებზე, ჩვენ თქვენთან მოვდივართ“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა 26 იანვარს ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩეჩნეთი „დამოუკიდებლობას იმსახურებს“, რადგან მისი მცხოვრებლები „საუკუნეების განმავლობაში მამაცურად იბრძოდნენ ამისთვის, ხოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქ იყო დიდი ნგრევა და მოხდა ბევრი სამხედრო დანაშაული“.

ინტერვიუში მორავეცკის არ უხსენებია იჩქერია, მან დასძინა, რომ ყოველივე საუკეთესოს უსურვებს რუსეთის მეზობლებს „ნორმალური ქვეყნის, ნორმალური განვითარებისა და ნორმალური ურთიერთობების თვალსაზრისით“.

  • იჩქერია ჩეჩნეთის არაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც მისმა პირველმა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა 1991 წელს. 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში, რუსეთის ჯარები შეეცადნენ, იჩქერია კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დაებრუნებინათ, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოდ რუსეთმა ჩეჩნეთიდან ჯარები გაიყვანა და ფაქტობრივად აღიარა რესპუბლიკის დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა. 1999 წელს დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომლის შედეგადაც მეამბოხეები გაანადგურეს და ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. 2000 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა.
  • გასული წლის 18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის სხდომაზე დეპუტატებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია აღიარეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად და დაგმეს ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
    შესაბამის დადგენილებას მხარი დაუჭირა 287-მა დეპუტატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG