Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვივამედის" კლინიკური დირექტორი: პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა კლინიკა „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

„პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველი შემთხვევისთვის, ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, 1 თებერვალს უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

31 იანვარს ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - თქვა მან.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG