ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ალეკ ბოლდუინს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ფილმის გადაღებისას ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან სანტა-ფეს საოლქო პროკურორის მიერ სასამართლოსთვის 31 იანვარს წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
პროკურორმა ანალოგიური ბრალი წაუყენა გადამღები ჯგუფის წევრ ჰანა გუტიერეშ-რიდს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეკვიზიტად გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე. გამოძიების თანახმად, ორივე ბრალდებულმა არაერთხელ დაარღვია უსაფრთხოების სტანდარტები.
ტრაგედია 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ფილმ Rust-ის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს. რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა და ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თუ სასამართლო ალეკ ბოლდუინს და ჰანა გუტიერეშ-რიდს დამნაშავედ ცნობს, მათ ემუქრებათ 18 თვემდე პატიმრობა და 5000-5000 დოლარით დაჯარიმება. თუმცა, იმ გარემოებამ, რომ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს, სასჯელის ვადა შესაძლოა, 5 წლამდე გაზარდოს.
2022 წლის თებერვალში, ჰალინა ჰატჩინსის ოჯახმა ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივლა სცენის გადაღების წინ არასაკმარისად მომზადების ბრალდებით, თუმცა, დაახლოებით 9 თვის შემდეგ სარჩელი გაიწვია. 2022 წლის ნოემბერში, სასამართლოში იჩივლა ბოლდუინმაც, რომელიც გადამღები ჯგუფის კონკრეტულ, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს ადანაშაულებს.