Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნება სასიკვდილო განაჩენი, ეს ცხადია და ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ, არსებობს სტრასბურგი - ალასანია სააკაშვილის საქმეზე


გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია თავისი შვილის საქმეზე გამოსატან გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ "სასიკვდილო განაჩენის" შემთხვევაში, "არსებობს სტრასბურგი".

"წინა პროცესმა დამარწმუნა, რომ ამ პირობებში მის მორჩენაზე ლაპარაკი ზედმეტია, სიკვდილი გარანტირებულია. ვერაფერს ვერ ვიტყვი კარგის მეტს მის ექიმებზე, ექთნებზე, მადლობის მეტი არაფერი ითქმის, მაგრამ ზემოდან არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება...

მათი [სასამართლოს] მხრიდან იქნება სასიკვდილო განაჩენი, ეს სრულიად ცხადია და ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ, არსებობს სტრასბურგი და ვნახოთ", - უთხრა ჟურნალისტებს ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან", მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მანვე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გიული ალასანიას ცნობით, მის შვილს ისევ მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა.

"ბოლო 24 საათში ჰქონდა ტემპერატურა 380. შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო, ახლა სულ მიმეორებდა. რა არის გასაკვირი. მოწამვლას რომ თავი დავანებოთ, ადამიანს წელიწადი და 6 თვეა, ჟანგბადი არ აქვს, ცა არ დაუნახავს, მზე არ დაუნახავს".

ჟურნალისტების კითხვებს, რას უპასუხებდა ის კლინიკის მენეჯმენტის განცხადებას, სააკაშვილისთვის დაბალკალორიული საჭმლის შეტანაზე, ალასანია ასე უპასუხებს:

"ზუსტად იგივე მოვიტანე გუშინ, რაც ყოველთვის მომაქვს, დღეს ცოტა განსხვავებული და კალორიების მხრივ - იგივე. თვითონ თქვა, იქნებ, ეს [მოიტანო] ხვალ და რასაც მეუბნება ხოლმე, ის მომაქვს. მე მოვისმინე, რომ ასეთ შემთხვევებში არ უნდა დააძალოო, რაც თვითონ მოუნდება, ისე უნდა მოუტანოო. ცოტას შეჭამს, მერე გადაწვება ხოლმე. უჭირს [საჭმლის] მიღება".

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს, სხდომა 17:00 საათზე დასკვნითი სიტყვებით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა. უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს თუ არა გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 4 თებერვალს დასრულდა. ბოლოს პენიტენციური სამსახურის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, მათ შორის "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე. ასევე ჩვენება მისცეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმაც. მათ იუსტიციის სამინისტროს დავალებით შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დოკუმენტაცია.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მითითებული დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებას, რაც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ხდება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

XS
SM
MD
LG