Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას - ხაჭაპურიძე სააკაშვილის საქმეზე


შალვა ხაჭაპურიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
შალვა ხაჭაპურიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს, სხდომა 17:00 საათზე დასკვნითი სიტყვებით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა. უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს თუ არა გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს.

"ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული საქმისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს.

მთავარია, მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე - ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად, პოლიტიკოსების მხრიდან - და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება".

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. გამოსვლისას იგი ჟურნალისტებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე ესაუბრა:

"საშინელი მდგომარეობაა, ჯანმრთელობაზე აღარაა ლაპარაკი. არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს".

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 4 თებერვალს დასრულდა. ბოლოს გამოიკითხნენ პენიტენციური სამსახურის მხარის მოწმეები, მათ შორის "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე. ასევე ჩვენება მისცეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმაც. მათ იუსტიციის სამინისტროს დავალებით შეისწავლეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დოკუმენტაცია.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მითითებული დაავადებები, მდგომარეობები არ შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ ბრძანებას, რაც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ხდება.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

XS
SM
MD
LG