Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში, კალუგის მახლობლად მდებარე ტყეში, აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი


უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები. საილუსტრაციო ფოტო.
უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები. საილუსტრაციო ფოტო.

რუსეთში, კალუგის მახლობლად, ჰაერში 50 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა უპილოტო საფრენი აპარატი. ეს მოხდა დილის 5 საათზე ქალაქგარეთ მდებარე ტყეში, იტყობინება კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა. მისი სიტყვებით, არავინ დაშავებულა. ვის ეკუთვნოდა საფრენი აპარატი, არ აზუსტებენ. კალუგის ოლქი მოსკოვს ესაზღვრება.

ეს პირველი მსგავსი ინციდენტი არ არის. ოქტომბერში ოლქში აღმოაჩინეს ორი დრონი. ერთ-ერთი ჩამოვარდა და აფეთქდა შაიკოვკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც გვარდიის 52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკია განლაგებული. სავარაუდოდ დრონი საზღვრის მხრიდან შემოფრინდა - კალუგის ოლქი ესაზღვრება ბრიანსკის ოლქს, რომელიც თავის მხრივ უკრაინას ესაზღვრება. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ტექნიკა არ დაზიანებულა, იტყობინებოდა ადგილობრივი ხელისუფლება.

12 ოქტომბერს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი დრონი კალუგის ოლქის სამხრეთში. ნამსხვრევები უკაცრიელ ადგილზე ჩამოვარდა.

შაიკოვკის ავიაბაზაზე დისლოცირებული 52-ე პოლკის შემადგენლობაში შედიან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მზიდი Tu-22M3 ბომბდამშენები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იერიშებში მონაწილეობენ.

დეკემბერში სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსსა და რიაზანის ოლქში, დიაგილევოში მდებარე აეროდრომებზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიში განხორციელდა. ამ დარტყმების შედეგად მთლიანობაში დაიღუპა რუსეთის ექვსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დრონები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო და რომ სამხედროები ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაიღუპნენ. დიაგილევოში დაღუპულთა შორის იყო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მაიორი ევგენი ნავლიუტოვი. „ტელეგრამის“ ზოგიერთ არხზე იტყობინებოდნენ, რომ ნავლიუტოვი Tu-22M3-ის მფრინავი იყო.

უკრაინას ოფიციალურად არც დაუდასტურებია და არც უარუყვია, რომ მან განახორციელა ეს იერიშები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG