Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩოს შეატყობინეს თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება


მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა თურქეთში
მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა თურქეთში

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ-ს, გარდაცვალების შესახებ“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა - 5 385. პრეზიდენტ ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და ტარტუსში დაიღუპა სულ მცირე 239 ადამიანი და 640-ზე მეტი დაშავდა. ტელეკომპანია CNN-ი ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე სამოქალაქო თავდაცვის მოძრაობაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დაიღუპა სულ მცირე 147 ადამიანი და 340 დაშავდა.

საქართველოს მთავრობა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG