Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილსა და ტოივო კლაარს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.

„კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, სომხეთს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. ასევე, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

გასულ კვირაში გახდა ცნობილი, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი, რომელიც თებერვლის ბოლოს იყო დაგეგმილი, აპრილისთვის გადაიდო.

XS
SM
MD
LG