ლოს-ანჯელესის "ლეიკერსის" კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა "ოკლაჰომასთან" მატჩში კარიერის 38 388-ე ქულა ჩააგდო და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
ისტორიული ქულა ჯეიმსმა მესამე მეოთხედის მიწურულს ჩააგდო. მატჩს ესწრებოდა კარიმ აბდულ-ჯაბარი, რომელიც ჯეიმსამდე რეკორდის ავტორი იყო. ჯაბარმა ლებრონს სიმბოლურად კალათბურთის ბურთი გადასცა.
“ეს იყო რეკორდი, რომელზეც 40 წლის განმავლობაში ბევრი ფიქრობდა, რომ ვერავინ მოხსნიდა”, - თქვა NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმა.
38 390 ქულის ჩაგდება ლებრონ ჯეიმსმა NBA-ში გატარებული 20-წლიანი კარიერის განმავლობაში შეძლო.
ჯეიმსი "დრაფტის" პირველ ნომრად 2003 წელს კლივლენდის "კავალიერსმა" აირჩია. 2010 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა მაიამის "ჰიტში". "ჰიტის" მაისურით ორჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი და ფინალების საუკეთესო მოთამაშე (MVP). 2014 წელს ლებრონი კლივლენდში დაბრუნდა და თავის პირველ გუნდთან 2016 წელს შეძლო ჩემპიონის ბეჭდის მოპოვება. 2018 წელს ჯეიმსი ლოს-ანჯელესის "ლეიკერსში" გადავიდა და 2020 წელს მეოთხედ გახდა NBA-ის ჩემპიონი.
კარიერის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსი 4-ჯერ გახდა რეგულარული სეზონისა (2009, 2010, 2012, 2013) და ფინალების (2012, 2013, 2016, 2020) საუკეთესო მოთამაშე (MVP). 19-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის (ALL STAR) მატჩში. 13-ჯერ მოხვდა NBA-ის სეზონის პირველ გუნდში.