Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოწმის სახით გამოჰკითხეს იმ ოჯახის წევრები, სადაც, სავარაუდოდ, ბადრი ესებუა დააკავეს


ზუგდიდი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
ზუგდიდი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში რამდენიმე საათი გაგრძელდა იმ ოჯახის წევრების გამოკითხვა, სადაც „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით ჩქოტუამ განაცხადა, ომიანე ჯიქია და მისი ცოლ-შვილი მოწმის სახით გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა: „ესენი არიან მოწმეები. დაკითხეს და დღეს გაუშვეს. [დაკავება] ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. არც ბრალია წაყენებული”, - განაცხადა დავით ჩქოტუამ.

ჯიქიების სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სპეცოპერაცია 8 თებერვალს, გამთენიისას ჩატარდა. შსს-ს თანახმად, „დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები". როგორც ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, ომიანე ჯიქია მათი ოჯახის ნათესავია (ბადრის დედის ბიძაა). ტარიელ ესებუასთვის უცნობია, რატომ აირჩია ეს სახლი მისმა შვილმა და რამდენი ხანი იმყოფებოდა იქ. ტარიელ ესებუას თქმითვე, ამ სახლში უკანასკნელად 5 წლის წინ იყო, შვილთან კონტაქტი კი არ ჰქონია, ბანკზე თავდასხმის შემდეგ.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ.

შსს-ს განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ბადრი ესებუას პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ადვოკატის თქმით, გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა.

XS
SM
MD
LG