Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩო: თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთი უკვე გადასვენებულია საქართველოში


მიწისძვრის შედეგები თურქეთში, 7 თებერვალი, 2023 წელი
მიწისძვრის შედეგები თურქეთში, 7 თებერვალი, 2023 წელი

თურქეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად საქართველოს სამი დაღუპული მოქალაქიდან ერთი უკვე გადასვენებულია საქართველოში.

ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ცნობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარია შესული.

"ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქ. გაზიანთეპსა და ქ. ისქანედრუნში.

საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.

სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს" - განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

თურქეთში 13 000-ს უახლოვდება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ 9 თებერვალს, დილით განახლებული მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 12 873 ადამიანი. დაშავდა 62 937.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის კაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 113 200 თურქი და უცხოელი მაშველი. მათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG