Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს - ადვოკატი


ბადრი ესებუას დაკავება
ბადრი ესებუას დაკავება

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის N2 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან ბათუმში გადაიყვანეს.

იოსებ ჯანაშიას თქმითვე, ესებუას დღეს ახალ ბრალს წარუდგენენ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

“ბათუმში გადაუყვანიათ, ჩავედი ქუთაისში და იქ გავიგე. ახლა მივდივარ ბათუმში და იქ მოვა გამომძიებელიც, როგორც ვიცით, დაკავების დროს მისგან იარაღია ამოღებული და ამასთან დაკავშირებით. მე ვვარაუდობ, რომ ძმა რადგან არის ქუთაისის ციხეში, ამიტომ გადაიყვანეს ბათუმში. ერთ ციხეში ოჯახის წევრების ყოფნა არ არის რეკომენდირებული”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას სიტყვებით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG