Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი ჯერჯერობით თავს იკავებს პუტინისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევისგან


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა კრემლში. 2022 წლის 7 თებერვალი
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა კრემლში. 2022 წლის 7 თებერვალი

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჯერჯერობით არ მიუღია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც 8 თებერვალს, მაკრონმა პარიზში, ამ ორდენით დააჯილდოვა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, ფრანგი კანონმდებლების და აქტივისტების ნაწილმა მოუწოდა, პუტინს ორდენი ჩამოართვას უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობს, დღეს, 10 თებერვალს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს, თუ არა პუტინს ორდენი ჩამოართვას. როგორც სააგენტო AP წერს, მაკრონის პასუხი იყო, რომ მსგავს გადაწყვეტილებას სერიოზული მნიშვნელობა აქვს და საჭირო დროს უნდა იყოს მიღებული.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საპატიო ლეგიონის ორდენით 2006 წელს დააჯილდოვა საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა.

საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს განსაკუთრებული სამხედრო, ან სამოქალაქო დამსახურებისთვის. პრეზიდენტს შეუძლია ორდენის ჩამორთმევაც.

2017 წელს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორდენი ჩამოართვა ჰილოვუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, მას შემდეგ, რაც ის არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში.

XS
SM
MD
LG