Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ წულაძე: „სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია“


თენგიზ წულაძე, ექიმი
თენგიზ წულაძე, ექიმი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუარესება გამოიხატება წონის კლებითა და სხვა პარამეტრებით.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ დეტალებზე, მონაცემები აღვწეროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა თანდათან გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. ეს გამოიხატება წონაში კლებით, გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია, დანარჩენს დეტალურად დავწერთ და გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აპირებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტები.

„სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის დაკვირვებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, აღენიშნება წონაში კლება. ექიმები საუბრობენ იმაზე, კონკრეტულად რა სამედიცინო მდგომარეობა და საჭიროება აქვთ. დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდეგ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ, გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით გაკეთდება შეფასება. ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმაა, გამოვითხოვოთ სამედიცინო დოკუმენტები როგორც კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ აქტიურად დავაკვირდეთ ამ სამედიცინო დოკუმენტებს. ამის მიხედვით გადაწყდება გვექნება თუ არა შემდეგი ვიზიტები. მიხეილ სააკაშვილი გამოგზავნილი წერილით ამბობდა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აღენიშნებოდა და ამიტომ გვთხოვდა დამატებით ვიზიტის განხორციელებას. რაც შეეხება არასამედიცინო კუთხით შეფასებას, ერთი შეხედვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG