Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი: მოსკოვში ასლან ბჟანიას ვიზიტისას არ განიხილება რუსეთის შემადგენლობაში შესვლა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არ განიხილავს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესაძლო შესვლის საკითხს.

ეს ცნობა გაჩნდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს ვებსაიტზე. მასში ნათქვამია, რომ „სხვადასხვა პერიოდული გამოცემის პუბლიკაციებში და ინტერნეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, თითქოს ვიზიტის მსვლელობისას განიხილება აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.“

ცნობაში ასევე დაგმობილია გარკვეული აფხაზური საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც „თითქოს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის თაობაზე შეუმოწმებელი და არასანდო ინფორმაციის საფუძველზე“ ცდილობენ, „აფხაზეთის ხელმძღვანელობა საკონსტიტუციო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულონ“.

მანამდე რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ცნობაში სათაურით „აფხაზეთში ეწინააღმდეგებიან რუსეთის შემადგენლობაში შესვლას“ იმოწმებს გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც კერძოდ ნათქვამია:

„ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა განსაზღვრულია კონსტიტუციით და ვერ იქცევა განხილვის საგნად“.

ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური კრებისადმი მიმართვაში შეიძლება გამოაცხადოს ზოგიერთ საინტეგრაციო ინიციატივაზე, - მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან, ასევე ბელარუსთან გაერთიანებაზე, - გასულ კვირაში მინიშნებების სახით გამოჩნდა ტელეგრამში, კრემლის მხარდამჭერ არხებზე. ეს ცნობები გაჩნდა მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისა და ბელარუსის ლიდერების ჩასვლის შემდეგ. კრემლს ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG