Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, არჩევნების წინ გახარიაზე "კოკაინის ფაქტორი" "ძალიან კარგად გამოიყენეს"


ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე
ფოტო არქივიდან: გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, არ საუბრობს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "პოლიტიკურად უინტერესო კაცია".

"არ არის ეს კაცი საინტერესო, საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის, ასე ვიტყოდი... პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა ეს კაცი, საქმის აღძვრა არის სამართალდამცავების ფუნქცია, არანაირი კომენტარის გაკეთება მე არ შემიძლია..." - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას შესახებ გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

"მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა - გახრია გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, "ქართულ ოცნებას" ვერ გადაელახა ე.წ. 43-პროცენტიანი ბარიერი, მაშინ აქტუალური იყო ეს - მაშინ კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა", - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

2021 წლის 17 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღეში გახარიამ გენერალურ პროკურორს მიმართა დაეწყო გამოძიება კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მის "კოკაინშიკობას" შეეხებოდა. უფრო ადრე, გიორგი გახარიამ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს და არ დაუდასტურდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.

XS
SM
MD
LG