Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, „რადიკალური ისლამიზმის” მუსლიმებთან დაკავშირება საუკუნოვანი თანაცხოვრების შეურაცხყოფაა


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მდინარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებთან თანაცხოვრების შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის" მუსლიმებთან დაკავშირება.

„ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.

სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ, მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა „რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!", - აცხადებს მდინარაძე.

23 თებერვალს ტარიელ ნაკაიძე განცხადებით გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც უკავშირდება „უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" კანონპროექტს.

„ქართულმა ოცნებამ" გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება. „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.

ამ განცხადებით „ქართული ოცნება", კერძოდ, ბატონი მდინარაძე, მართლაც და ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას" - განაცხადა ნაკაიძემ. მან მდინარაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას 21 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ახსენა „რადიკალური ისლამიზმი".

„არ არის ეს მარტივი ამბავი, რომ ასე მაინცდამაინც მარტო დასავლეთიდან წამოსული დაფინანსება. ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. ბევრი რაღაცები არ გვინდა ხოლმე ჩვენ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. მაგალითისთვის, რადიკალური ისლამიზმის რაღაც თეორიების და მიმდევრობების დაფინანსებები რომ ხდება ამ ქვეყანაში, ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ანუ რატომ იმაზე არ ვლაპარაკობთ არავინ. მაინცდამაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე და იქიდან დაფინანსებულებს უფრთხისო ხელისუფლება. რადიკალური ისლამიზმის რაღაცა მიმდევრობებს და კონცეფციებს რომ აფინანსებენ ამ ქვეყანაში და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის და რა ფინანსდება, რისი პროპაგანდა მიდის მასებსა და სიღრმეებში, ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, არცერთი შეზღუდვა არ არის“, – მდინარაძის კომენტარს „იმედი" ავრცელებს.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

XS
SM
MD
LG