Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკია ბარბაქაძე: "არ შეიძლება მდუმარედ შევხვდეთ, რომ რუსული ძალა ასამარებს ჩვენს პერსპექტივას"


აკია ბარბაქაძე
აკია ბარბაქაძე

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი, სამხედრო ექსპერტი, აკია ბარბაქაძე „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის და საპროტესტო აქციას გეგმავს. მისი მოწოდების ადრესატები არიან, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „რომლებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეეხება ეს კანონი“.

„ორშაბათს, 12 საათზე მე ვიქნები პარლამენტის შენობის წინ, იმ დამღუპველი კანონის გასაპროტესტებლად, რომლის მიღების განხილვასაც იწყებენ. ეს კანონი ასამარებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. მოვუწოდებ ყველას, ვინც თვლის, რომ ეს კანონი დამღუპველია და გასაპროტესტებელია, გამოვიდეს და გავაპროტესტოთ... ვთვლი, რომ არ შეიძლება მდუმარედ შევხვდეთ იმას, რომ რუსული ძალა ასამარებს ჩვენს პერსპექტივას, ჩვენი შვილების კეთილდღეობის პერსპექტივას. ეს უნდა იყოს გაპროტესტებული. წერტილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აკია ბარბაქაძე.

ბარბაქაძე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხებს და გვეუბნება, რომ დისკუსიებში არავისთან შედის; უბრალოდ აზუსტებს, რომ 27 თებერვალს, პარლამენტის შენობის წინ ერთდღიანი აქცია გაიმართება და მისი თანამოაზრეები არიან, მათ შორის - საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

„მე რაც ვთქვი და რაც დავპირდი ხალხს, იმას ვასრულებ... სხვა ვინ შემოუერთდება, მისი გადასაწყვეტია“, - გვეუბნება ბარბაქაძე, რომელიც 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, ომის წლისთავისადმი მიძღვნილ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდა სიტყვით. 23 იანვარს, როდესაც ამ აქციის ორგანიზატორები - პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, აკია ბარბაქაძემ განაცხადა, რომ დაიწყება „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“.

აკია ბარბაქაძე გვეუბნება, რომ ამჟამად ის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების პროცესშია.

24 თებერვალს, უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციაზე ითქვა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ახლო მომავლის ამოცანები აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაახმაურა:

  • პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
  • გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ გვერდში ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა.
  • ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ჩვენთვის.
  • ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე.

25 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ცნობილი საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და სადავო საკითხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება.

შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში“.

ბოლო პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომელის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორების ფული წარმოადგენს. ამ სუბიექტებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში.

XS
SM
MD
LG