Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიაქსანდრ ლუკაშენკა პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს შეხვდა


ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სი ძინ პინი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა და სი ძინ პინი

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა 1 მარტს პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკების დროს ლუკაშენკამ მხარი დაუჭირა ჩინეთის მიერ უკრაინის სამშვიდობო მოწესრიგებისკენ მიმართულ გეგმას. მან ასევე შესთავაზა პეკინს თანამშრომლობის გაფართოება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

სი ძინ პინმა თქვა, რომ ბელარუსი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს სტატუსი ახალი შინაარსით უნდა შეივსოს.

მანამდე ლუკაშენკა შეხვდა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. მათ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეც ისაუბრეს. ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება და უკვე 6 მილიარდ დოლარს მიაღწია.

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ. თუ პირველივე პუნქტი მასში, შესაძლოა, აღქმული იყოს უკრაინის მხარდაჭერად, მეორე პუნქტი რუსეთის ინტერესებს ეხმიანება.

რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინაში, ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ამასთან, ქვეყანა არ შეუერთდა შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა თებერვალში განაცხადა, რომ დაზვერვის ცნობით, ჩინეთი შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავდეს.

ბელარუსი რუსეთის ერთ-ერთი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ქვეყანა უზრუნველყოფს პლაცდარმს რუსეთის ჯარებისთვის, მაგრამ ბელორუსის არმია არ იღებს პირდაპირ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG