Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს!" - ქვემო ქართლის NGO-ები მაჟორიტარებს  მიმართავენ


საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საილუსტრაციო ფოტო: საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ქვემო ქართლში მოქმედი 35-მდე აქტივისტი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს მიმართავენ: „არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!“

1 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ: „პატივცემულო მაჟორიტარებო, არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობდით რეგიონში არსებული ძლიერი სამოქალაქო სექტორით. ქვემო ქართლში ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები სიამაყით დადიოდნენ, თქვენთან ერთად, ჩვენი პროექტების შედეგების გასაცნობად. ასევე ყველას გვეამაყებოდა, რომ გაიზარდა რეგიონიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რიცხვი. ამ სასიკეთო საქმეში თავისი წვლილი სათემო ორგანიზაციებმა შეიტანეს, რომელთა ხელმძღვანელებმაც საკუთარი სახლებიც კი დაუთმეს აღნიშნულ საგანმანათლებლო იდეას”.

მიმართვის ავტორების განცხადებით: „ყველანი ვხედავდით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია".

ხელმომწერთა პოზიციით, კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებენ, საქართველოს ართმევს განვითარების შესაძლებლობას.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ: „დადგნენ იმ იდეის გვერდით, რომლის ერთგულებიც 30 წელი ვიყავით. რადგან არ არსებობს თანამდებობა, სტატუსი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე მნიშვნელოვანია".

მიმართვის ხელმომწერები არიან:

  • ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - მარიკო წიქორიძე
  • ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge - მანონ ბოკუჩავა
  • სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - ინგა პაიჭაძე
  • პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი - გიორგი თვალიაშვილი
  • ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო RadioWW - მარინე ბჟალავა
  • საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG) - გულიკო შოშიტაშვილი
  • სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC) - გვანცა შიშინაშვილი
  • მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი - მარიამ სამხარაძე
  • სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) - რაშან ზიადალიევი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) - ნათია ქოქიაშვილი
  • “ეკო ცენტრი”- თინათინ მაღედანი
  • “ბოლნისის ახალგაზრდული სახლი”- ანა უგრეხელიძე
  • ”პირველი ევროპელი” - სოფო დევნოზაშვილი
  • სოციალური საწარმო “გუმბათი” - ირა ძირკვაძე
  • ააიპ პარტნიორობა თანასწორობისთვის - ნინო ნანუაშვილი
  • სათემო რადიო “მარნეული” - კამილა მამედოვა
  • ახალი აზროვნების ინსტიტუტი - არიზ დაშდამიროვი
  • ნეკერი – ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია - როზი დევნოზაშვილი
  • რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი - დავით მეტრეველი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია “წითელი ხიდი“ - ჯეიხუნ ნარზალოვი
  • კავშირი “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” - ალექსი მეტრეველი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ზაურ ხალილოვი
  • ISFED-ის რაიონული წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნაზიბროლა ზუბაშვილი
  • მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი - გვანცა თვალიაშვილი
  • სოლიდარობის მუზეუმი - ელნურ ალისოი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED) ქვემო ქართლის ოფისი - ლია ნოღაშვილი
  • ჟურნალისტი - დავით მჭედლიძე
  • ბოლნისის ენის სახლი - ირმა ზურაბაშვილი
  • სოლიდარობის ცენტრი - ნურანა მუსაევა
  • ISFED-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ფაგან აბასოვი
  • ISFED-ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მზია ბაღაშვილი
  • ISFED-ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ლალი ბექაური
  • ISFED-ის წალკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თამარ ლომიძე
  • საქართველოს ლიდერ მედია 24News.ge მარნეული - აზერ მამედოვი
  • შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი - ნათია ოქროპირიძე

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, არის პირდაპირი თარგმანი ამერიკული კანონისა „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა პროექტზე, რომელსაც რუსულ კანონპროექტს უწოდებენ, განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი".

საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG