Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის აგენტების" საკითხზე ინიციირებული კანონპროექტის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა. ის გამოეხმაურა კანონპროექტის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების უარყოფით პოზიციას.

„თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო! ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. და ეს ნურავის შეგაშინებთ. ვის ინტერესებსაც ემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის თუნდაც გავლენის აგენტობა“, - თქვა მდინარაძემ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს ამავე სახელწოდების ბაზაში.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, არის პირდაპირი თარგმანი ამერიკული კანონისა „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“.

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა, მისი მოქმედების არეალი დავიწროვდა და ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს შეეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა პროექტზე, რომელსაც რუსულ კანონპროექტს უწოდებენ, განაცხადა: „კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი".

საპარლამენტო უმრავლესობას ("ქართულ ოცნებას" და "ხალხის ძალას") პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG