Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ახალი სახეობის სამხედრო ოპერაციის შემუშავება


საილუსტრაციო ფოტო. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ტრიუმფი", რომლის დანიშნულებაა საჰაერო-კოსმოსური თავდასხმების მოგერიება
საილუსტრაციო ფოტო. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ტრიუმფი", რომლის დანიშნულებაა საჰაერო-კოსმოსური თავდასხმების მოგერიება

რუსეთი მუშაობს სამხედრო ოპერაციების ახალ სახეობაზე ბირთვული იარაღის გამოყენებით. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალში, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უშვებს, გამოქვეყნდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების სარდლის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ ფაზლეტდინოვის სტატია. მასში ნათქვამია, რომ „აშშ კარგავს მსოფლიოში ლიდერის პოზიციას“ და ამაში „მთავარ დამნაშავედ“ რუსეთს მიიჩნევს.

სტატიის თანახმად, აშშ გეგმავს რუსეთის განადგურებას „სტრატეგიული მრავალსფეროიანი ოპერაციით“ და მისი მთავარი ამოცანაა რუსეთის შემაკავებელი ბირთვული პოტენციალის განადგურება. ნათქვამია ისიც, რომ ამერიკის სამხედრო პოლიტიკის მთავარი მიზანია მისთვის „მიუღებელი რეჟიმის სამხედრო-პოლიტიკური ან ფიზიკური მოშორება ქვეყნის ტერიტორიული, ნედლეულის, საწარმოო და ადამიანური რესურსების შენარჩუნებით“.

გენერალ ფაზლეტდინოვის სტატიაში, რომლის თანაავტორი ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმირ ლუმპოვია, პენტაგონის „აგრესიული ჩანაფიქრის რეალიზაციის მცდელობებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის "მთავარ საშუალებად და ინსტრუმენტად" დასახელებულია რუსეთის „სტრატეგიული შემაკავებელი ძალების ოპერაცია“, რომლის შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო სპეციალისტების მიერ. სტრატეგიული ძალების არსენალში ბირთვული იარაღია.

სტატიის ავტორთა თანახმად, ამ ოპერაციისას უნდა დაიძლიოს ამერიკის საჰაერო თავდაცვის გლობალური სისტემის მოქმედება, რათა გამოირიცხოს ჰაერში რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურების შესაძლებლობა, ხოლო ოპერაციის ფინალური ეტაპი უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის „მიუღებელი ზიანის“ მიყენება რუსეთის მიერ შენარჩუნებული ბირთვული პოტენციალით.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, სტატიიდან გაურკვეველია, რით განსხვავდება ეს ოპერაცია რუსეთის მოქმედი ბირთვული დოქტრინით გათვალისწინებული ოპერაციისგან.

  • 21 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების მოქმედებას, თავდაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა. პუტინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უკრაინის მხარდამჭერ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული მარცხი სურს და ამასთან, "მიძვრებიან" რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე.
  • 22 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი ხელშეკრულების შეჩერების შესახებ, რომელსაც პუტინმა ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
  • აშშ-რუსეთის ხელშეკრულება(СНВ-3), რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა, 2010 წელს გაფორმდა და ძალაში 2011 წელს შევიდა.
  • ამერიკელების მიერ New START-ად წოდებული ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები.
  • უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით.
XS
SM
MD
LG