Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი BILD-თან ინტერვიუში: პუტინმა ისაუბრა, რომ "კვერცხებით" დამკიდებდა


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში, სახელმწიფო უწყებების მიერ გასაჯაროვებული ჩანაწერებიდან ფრაგმენტი
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში, სახელმწიფო უწყებების მიერ გასაჯაროვებული ჩანაწერებიდან ფრაგმენტი

გერმანული გამოცემა BILD-ი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. კლინიკიდან გამოგზავნილ ფურცლებზე პატიმარი ჟურნალისტებს წერს, რომ თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს და ამის თქმის საფუძველს აძლევს პუტინის ფრაზა, რომ ის მას "კვერცხებით დაკიდებდა."

"მან და მედვედევმა რამდენჯერმე ისაუბრეს ჩემი გასამართლების აუცილებლობაზე. მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე. ეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ტოლი იყო. პირველი საქმეები აღიძრა როგორც კი მე ოდესის გუბერნატორი გავხდი. დღეს საქართველოს რუსი ოლიგარქი მართავს და მისი მართვის სტილი შუა საუკუნეების ფეოდალის მართვის სტილის მსგავსია"- წერს სააკაშვილი გერმანულ გამოცემას.

ფრაგმენტი სააკაშვილის წერილობითი პასუხებიდან.
ფრაგმენტი სააკაშვილის წერილობითი პასუხებიდან.

ჟურნალისტები ექსპრეზიდენტს ეკითხებიან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"ზელენსკისთვის, რომელიც ჩემთვის თანამედროვე ჩერჩილია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში მე ვარ უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი და ჩემი ოფისი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება. ამავდროულად, ჩემი პატიმრობით, პუტინი უგზავნის სიგნალს ზელენსკის, რომ ეს არის ის, რასაც დაგმართებ, თუ არ დამემორჩილები" - პასუხობს სააკაშვილი.

ამ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისი სიკვდილი პატიმრობაში იქნება საქართველოში დემოკრატიის სიკვდილი და ევროპული პერსპექტივის დასასრული, ქაოსის დასაწყისი.

"ხანდახან ვფიქრობ, რომ მოქმედ ხელისუფლებას სურს ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ძალაუფლების შენარჩუნების გზაა" - ამბობს სააკაშვილი.

"თქვენი მხარდამჭერები ამბობენ, რომ თქვენ ივანიშვილის პირადი პატიმარი ხართ და ამას ის რუსეთის დავალებით აკეთებს. რა ბენეფიტს იღებს ის ამისგან?" - ეკითხებიან სააკაშვილს ჟურნალისტები.

"ივანიშვილი რუსეთთან ჭიპლარით არის მიბმული. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავდროულად, ის და მისი მარტიონეტები დასავლეთს ადანაშაულებენ იმაში, თითქოს მე მის ჩამოსაგდებად გამომგზავნეს საქართველოში - ეს სრული ნონსენსია. ივანიშვილს არ ახარებს ის დიდი სიმპათია, რომლითაც მე ვსარგებლობ დასავლეთში. მას სურს ჩუმად და უხმაუროდ გადასცეს საქართველოს პუტინს. ჩემს გარშემო არსებულმა ყურადღებამ ეს გეგმა ჩაუშალა.

მათ არ სურთ, რომ მე უკრაინაში დავბრუნდე და ზელენსკის დავეხმარო. პურინმა თქვა, რომ მომკლავდა წამებით. როცა ბაიდენი კიევში ჩავიდა, მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა თქვა, რომ ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნა რუსეთის გამარჯვება იყო" - ამბობს სააკაშვილი.

ამავე ინტერვიუში ექსპრეზიდენტი საუბრობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამბობს, რომ 65 კილოს იწონის, ხშირად კარგავს გონებას და ტანჯავს ტკივილები.

XS
SM
MD
LG