Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გთხოვთ, გაიწვიეთ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი - ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი


აქცია პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ. 2023 წლის 6 მარტი
აქცია პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ. 2023 წლის 6 მარტი

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - EYP საქართველოს დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

"ევროპული ღირებულებები გამოცდილებების გაზიარებასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქსელისთვის სიახლე არ არის პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონი. სწორედ მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ჩვენი კოლეგები აღნიშნული ქვეყნებიდან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო გაზრდილი საფრთხეების გამო.

გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს. ნუ დაუშვებთ, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს", - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრი აწერს. სია განახლებადია.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ქსელი 40 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს არაფორმალური განათლების პლატფორმის გარშემო. მისი მიზანია დემოკრატიული, მშვიდობიანი, მდგრადი და ღია საზოგადოების ფორმირება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტებს განიხილავენ. პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.

მანამდე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შენობაში „დაშვების შეზღუდული რეჟიმია“.

მათი ცნობით, შეზღუდვა, რომლის „მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ, დამსწრე პირებს.

ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტები რუსულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG