Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი კანონპროექტის სტიგმატიზაცია მოხდეს - რატი ბრეგაძე


იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებზე დასმული კითხვის პასუხად, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ნებისმიერი კანონპროექტის სტიგმატიზების. ბრეგაძის თქმით, პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და იმისათვის, რომ კანონპროექტების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები საზოგადოებისათვის ცხადი გახდეს, საჭიროა ეს სიტუაცია დაცხრეს.

"მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი კანონპროექტის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტში არის 2 ნაწილი, პოლიტიკური და სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ძალიან მაღლა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა. სასურველია, რომ მთელი ეს სიტუაცია დაცხრეს იმისთვის, რომ არგუმენტები როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ასევე მისი მოწინააღმდეგეების საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი გახდეს და მიიღოს ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა", - განაცხადა ბრეგაძემ მედიასთან კომენტარში საერთაშორისო კონფერენციის, "ქალები პოლიციაში" დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონპროექტის განხილვისას, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, ეწინააღმდეგება თუ არა ის ან ნებისმიერი სხვა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას, არის თუ არა თანხმობაში ევროკავშირის დირექტივებთან, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და რამდენადაა შესაბამისობაში საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი, გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

XS
SM
MD
LG