Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუხიშვილები: შეწუხებული ვართ, როგორ პასუხობს მთავრობა მშვიდობიან პროტესტს


რობოკოპები საქართველოს პარლამენტის შენობასთან. 7 მარტი, 2023 წელი
რობოკოპები საქართველოს პარლამენტის შენობასთან. 7 მარტი, 2023 წელი

საგასტროლო მოგზაურობაში მყოფი ქართული ნაციონალური ბალეტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება თბილისში მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და მშვიდობიანი აქციის დარბევას რუსთაველის გამზირზე. სუხიშვილები წერენ, რომ ეს პროცესები საქართველოს ევროპას აშორებს.

"მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” - საქართველოს სახემწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი!" - ასეთია სუხიშვილების პოზიცია.

რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული 2 კანონპროექტიდან ერთ-ერთის -"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - განხილვა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით დღესვე მიიღო.

რუსთაველზე აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათია შლის სპეცრაზმი, პოლიცია იყენებს სპეციალურ საშუალებებს, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.

XS
SM
MD
LG