Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნედ პრაისი: "აგენტებზე კანონი" შეაფერხებს აშშ-ის უნარს, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. უწყების წარმომადგენელმა ნედ პრაისმა თქვა:

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ვნახეთ, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რათა ჩაახშონ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონმდებლობის წინააღმდეგ გამოსვლები. ჩვენი მესიჯი ქართველი ხალხისადმი, საქართველოს მთავრობისადმი და მსოფლიოს ხალხებისა და მთავრობებისადმი არის ის, რომ შეერთებული შტატები მხარში უდგას ყველას, ვინც მშვიდობიანად იყენებს საყოველთაო უფლებას - რომ შეიკრიბონ, გამოხატონ საკუთარი აზრი, ილაპარაკონ თავისუფლად, საკუთარ მთავრობებს მოსთხოვონ ანგარიშვალდებულება. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას. მაგრამ ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს უნდა უფლება მიეცეთ, გამოიყენონ ეს უფლება მშვიდობიანი გზით“.

პრაისის თქმით, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ეს უზარმაზარი შეფერხება იქნება, ეს იქნება შეფერხება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის, შეფერხება იქნება შეერთებული შტატების უნარისთვის, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი“, - თქვა მან.

პრაისის სიტყვებით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონმდებლობას, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნისთვის.

მან ილაპარაკა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოუსმენს საკუთარ ხალხს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ უშლის აშშ-ს რამე ხელს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც დგას განვითარებული მოვლენების უკან, ნედ პრაისმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არასდროს საუბრობს კონკრეტულ ინდივიდებსა თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სუბიექტები, მაგრამ:

„ჩვენ მოგვეპოვება მთელი რიგი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანთა უნივერსალური უფლებების შელახვაში"

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ კონტექსტში ვითარებას, რათა პასუხი აგონ, ვინც შესაძლოა ეღობება იმას, რაც ქართველ ხალხს სურს, რასაც ქართველი ხალხი მოელის და უფრო მეტი - რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

საპროტესტო აქცია თბილისში მოჰყვა პარლამენტის მიერ 7 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას, რასაც ეწინააღმდეგებიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.

პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი რუსულ კანონს უწოდებენ. პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის მეშვეობით შლის საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG