Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აგენტების" კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას - PACE-ს თანამომხსენებლები


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 8 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 8 მარტი, 2023 წელი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. განცხადების თანახმად, თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს 27-29 მარტს გეგმავენ.

"ეს კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, მნიშვნელოვან შეშფოთებას ბადებს მისი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. გუშინ მისმა ნაჩქარევად მიღებამ ყველა შესაბამის მხარესთან დიალოგისა და ჯეროვანი კონსულტაციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ქართულ საზოგადოებაში განხეთქილებისა და პოლარიზაციის გაზრდას. ის, როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას", - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არ უნდა მიიღონ ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის, ვენეციის კომისიის სათანადო შეფასების გარეშე.

„ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება ამ კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება განიხილოს“, - აცხადებენ ისინი.

თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, ასევე მოუწოდეს მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

გუშინ, 7 მარტს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

XS
SM
MD
LG