Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი: არანაირი სესიის მუშაობას აზრი არ აქვს, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ილაპარაკა აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნების შესახებ. როგორც ის აცხადებს, „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევამდე პარლამენტში სესიის ჩატარებას აზრი არ აქვს.

„ყველას გადადებული აქვს ვიწრო პარტიული ინტერესები. ადამიანები ორი რამის გამო დადიან აქციებზე: პირველი - არა რუსულ კანონს!, რომელიც [კანონპროექტი] ხელს უშლის ევროკავშირის სტატუსის მიღებას და საქართველოს ევროინტეგრაციას; მეორე - ამ ადამიანებს ამ კანონის იქითაც რომ აქვთ პრობლემები, უნდათ ევროკავშირში. ეს ორი მოთხოვნა არის ამ ადამიანების, რომელიც ასევე კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ევროპული მომავლის კურსის შესახებ. ეს ადამიანები ახლა იცავენ სახელმწიფოებრიობას და შესაბამისად, ცხადია, ყველანი ვართ ერთიანი. შეუძლებელია, პროდასავლურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს ჰქონდეთ განსხვავებული ხედვა ამ ორ საკითხზე. ამიტომ, ყველანაირი პოლიტიკური მდგენელი არის გამორიცხული და მხარს ვუჭერთ ამ ორ მოთხოვნას. პლუს, მხარს ვუჭერთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც 7-8 მარტს აქციებზე დააკავეს. 9 მარტს აპირებენ ესენი კიდევ სესიის ჩატარებას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის შემდეგი: არანაირი სესიის მუშაობას აზრი არ აქვს, თუ ამ კანონს არ გაიწვევენ", - გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა.

მოთხოვნების შესრულების მიზნით ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ოპოზიციის და სამოქალაქო ორგანიზაციების სახელით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები გამოაცხადა. ამასთან, ვაშაძემ დემონსტრანტებს კვლავ სთხოვა, მის მიერ დაყენებულ წინადადებაზე თანხმობის გამოცხადება, რაზეც მას ტაში დაუკრეს.

როგორც პოლიტიკოსმა თქვა, ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არ გამოსულა. ამასთან, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არც საჯარო განცხადება გაუკეთებიათ აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნების შესახებ.

„ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას. ეს გადაწყვეტილება არის საინიციატივო ჯგუფის, ყველასი, აქ ვინც დგას, სხვადასხვა ჯგუფის - ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში. ყველა შესასვლელთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო, - განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რა იგეგმება 9 მარტს, - ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ პიკეტირება და არ ჩავატარებინოთ სესია. მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არ უნდა ემსახურებოდეს რუსულ ინტერესებს".

აქციაზე ხელისუფლების წინაშე ორი მოთხოვნა დააყენეს. ესენია: 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და „უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევა.

7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

კანონპროექტის განხილვის დაწყებისთანავე პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების შეკრება დაიწყო - ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ე.წ. აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ. მათი აღქმით, ამ კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან აახლოებს და მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის გაქრობას, კრიტიკული ხმის გაჩუმებას და საზოგადოების დაშინებას.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც.

XS
SM
MD
LG