Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს" - კობახიძე

"პრიმაკოვის ფონდიც" და "სიცხვილიაც" არის გარკვეული რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. "სირცხვილიას" რისკები არის გუშინ რაც გამოჩნდა. მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რაც სწორედ რუსულ ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას," ისე "პრიმაკოვის ფონდს", - თქვა დღეს, 9 მარტს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას. მმართველმა პარტიამ დღეს დილას ორდღიანი ხალხმრავალი აქციების შემდეგ თქვა, რომ უკან იწვევს ამ კანონს პარლამენტიდან და უარს ამბობს მის განხილვასა და დამტკიცებაზე. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი გააგრძელებენ საუბარს საზოგადოებასთან იმის შესახებ, რა იყო ამ ინიციატივის მიზანი.

მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისის აქციების დროს გაჩენილი საპროტესტო მოძრაობის შედეგად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციაა, "პრიმაკოვის ფონდი" კი - ღიად პრორუსული ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში არის ჰომოფობი პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ირაკლი კობახიძე "სირცხვილიას" და "პრიმაკოვის ფონდს" პირველად არ განიხილავს ერთ სიბრტყეზე - 22 თებერვალს მან ევროკავშირი დაადანაშაულა საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობაში და არგუმენტად სწორედ დასავლური ფონდების მიერ "სირცხვილიას" დაფინანსება მოიყვანა.

"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მათი განმარტებით, მიზნად ისახავდა უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობას, საზოგადოების დიდი ნაწილი და საქართველოს პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაჩუმება და გაქრობაა.

XS
SM
MD
LG