Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა


ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი ფიცის დადებისას. 9 მარტი. 2023 წელი
ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი პეტრ პაველი ფიცის დადებისას. 9 მარტი. 2023 წელი

ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ფიცი დადო და დაიკავა თანამდებობა, რომელზეც მილოშ ზემანი შეცვალა.

ის ჩეხეთის მეოთხე პრეზიდენტი გახდა.

საზეიმო ცერემონია გაიმართა პრაღის ციხე-სიმაგრეში, ვლადისლავის სასახლეში, პარლამენტის ორივე პალატის, სენატის და დეპუტატთა პალატის სხდომაზე. მას ესწრებოდნენ ყოფილი პრეზიდენტები ვაცლავ კლაუსი და მილოშ ზემანი.

პაველმა კონსტიტუციაზე ხელის დადებით დაიფიცა: "ვფიცავ, ვიყო ჩეხეთის ერთგული. პირობას ვდებ, დავიცვა მისი კონსტიტუცია და კანონები და ვფიცავ ჩემს ღირსებას, რომ თანამდებობაზე ვიქნები მთელი ხალხის ინტერების დამცველი“.

პრაღის ციხე-სიმაგრე ღია იყო ყველა მოქალაქისთვის. ხალხს საშუალება ჰქონდა, ცერემონიისთვის დიდ ეკრანებზე მიედევნებინა თვალი. უსაფრთხოებისთვის ზრუნავდა ასობით პოლიციელი.

27-28 იანვარს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრ პაველმა 58,24%-ით გაიმარჯვა. ამ შედეგს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში "რეკორდულ მაჩვენებელს" უწოდებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა 70,31%-მა მიიღო.

გენერალი პეტრ პაველი 61 წლისაა. სხვადასხვა დროს მას ეკავა ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები. პეტრ პაველი ემხრობა უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას და ნატოში მის მიღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG