Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 მარტს პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება


10 მარტს, 11 საათზე პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა დაიგეგმა.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 10 მარტს მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება".

„ხვალ, 11 საათზე აქ იქნებიან პარლამენტარები, ის ხალხი, ვინც მშვიდობიანად უნდა გავისტუმროთ ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან. ხვალ, 11 საათზე გელოდებით აქ“, - თქვეს აქციის ორგანიზატორებმა.

რუსთაველის გამზირზე 9 მარტს კვლავ გაიმართა მრავალათასიანი აქცია.

აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: 7-9 მარტს დემონსტრაციის დაშლისას დაკავებული 133 ადამიანის გათავისუფლება და კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

აქციის მონაწილეების პირველი მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდებას", სხდომა 10 მარტს დაიგეგმა.

კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG