Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე იზეიმეს "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის ჩაგდება


აქცია პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდებისთვის საჭირო კენჭისყრის პარალელურად
აქცია პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდებისთვის საჭირო კენჭისყრის პარალელურად

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩასაგდებად მიმდინარე სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოსთან. მოქალაქეები ზეიმობდნენ გამარჯვებას, რომელიც ხალხმრავალმა აქციებმა მოიტანა. დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო სადავო კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება "რუსულ კანონად" მოიხსენიებს.

"ბოლო ერთი კვირაა, მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და თუ ოდესმე თქვენს ირგვლივ ვინმე იტყვის, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, გაახსენეთ ეს ბრძოლა. ეს შედეგი არის თქვენი ბრძოლის დამსახურება, იმ ახალი თაობის დამსახურება, რომელიც პოლიციის სირენებზე ცეკვავს, რომელიც წყლის ჭავლს ეთამაშება" - თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა რაფიელ კაკაბაძემ.

"გილოცავთ ყველას, რომ როგორც იქნა მიაგნეს სწორი ფერის ღილაკს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ორი დღის წინ მწვანე შუქი აუნთეს რუსულ კანონს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის პოზიცია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მტკიცე და დაუღალავი შრომა და წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც რუსულ ხელისუფლებას დახვდა საქართველოში. საქართველო ნამდვილად არის ევროპა და ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადაახვევინებს ქვეყანას ამ გზიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო დანელიამ.

ამ აქციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა პოლიტიკოსს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

„მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, მათი მოპოვებული გამარჯვებაა. მათი გმირობის საფუძველია. აუცილებელია, ყველა ერთად ვიდგეთ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხალხის დაკავებას აპირებს. ერთად უნდა ვიდგეთ, ეს არ უნდა დავუშვათ. ვნახოთ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით, რომლითაც სამშობლოს დავიცავთ", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ვაშაძემ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უთხრეს, რომ პოლიტიკოსების მოსმენა აღარ სურდათ ამ აქციაზე. ვაშაძის თქმით, ერთიანობაა საჭირო იმის ფონზე, რომ შსს აქციის მონაწილეთა დაკავებებს აანონსებს.

დღეს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს აქციების დროს ჩადენილ დანაშაულებში მონაწილეების გამოსავლენად. ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დემონსტრანტებმა პარლამენტის ფანჯრები ერთ-ერთი პოლიტიკოსის მოწოდების შემდეგ ჩაამსხვრიეს. გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევისკენ აქციის მონაწილეებს 8 მარტს მოუწოდა.

XS
SM
MD
LG