Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დაზვერვას მოლდოვაში მთავრობის დამხობა აქვს განზრახული - CNN


მოლდოვის მთავრობის შენობა
მოლდოვის მთავრობის შენობა

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ, რათა ხელისუფლება დაამხონ და პრორუსულ ძალებს დაეხმარონ მთავრობის ჩამოყალიბებაში.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება თეთრი სახლის ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

მათი სიტყვებიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს დაასუსტოს მოლდოვის მთავრობა, რომელიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებს. ვაშინგტონი ასევე ხედავს იმის ნიშნებს, რომ შესაძლოა რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში ანტისამთავრობო დემონსტრანტებს ამზადებდნენ.

ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთი ხელს უწყობს მოლდოვაში სტაბილურობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინა სავარაუდოდ გეგმავდა დნესტრისპირეთში შეჭრას. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ეს ბრალდებები "უსაფუძვლოა" და ქვეყანაში განგაშის შექმნას ემსახურება.

9 მარტს მოლდოვის სეპარატისტული დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ.

არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პროკურორმა ანატოლი გურეცკიმ ტელეკომპანია „დნესტრისპირეთის პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ ტერაქტი ტირასპოლის ხალხმრავალ ადგილზე უნდა მომხდარიყო და „ხელისუფლების პირველი პირების გარდა, მას დიდი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა მოსახლეობაშიც".

სეპარატისტულ ტირასპოლში ამტკიცებენ, რომ გამომძიებლებმა აღნიშნული ავტომობილი იპოვეს, მასში აღმოჩნდა 8 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო სადენები, ჭანჭიკები და ხრახნები.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა 10 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობა არ ფლობს მტკიცებულებას სავარაუდო ტერაქტთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „არ არსებობს ამ რეგიონიდან მომდინარე ესკალაციის საფრთხე“.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში უკრაინის სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილ სავარაუდო ტერაქტს „კრემლში დადგმული პროვოკაცია“ უწოდეს კიევში. „ტყუილი და პროვოკაცია იარაღის ერთ-ერთი სახეობაა, რომლითაც რუსეთის ფედერაცია აქტიურად სარგებლობს“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებაში.

XS
SM
MD
LG