Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტანკერი ბერძნული დროშით აფეთქებამდე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების მახლობლად იმყოფებოდა


მილსადენის აფეთქების ადგილი
მილსადენის აფეთქების ადგილი

ტანკერი Minerva Julie, რომელიც საბერძნეთის დროშით მოძრაობდა, 6 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ბალტიის ზღვაში იმ ადგილთან, სადაც 26 სექტემბერს აფეთქება მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან. ამის შესახებ იტყობინება, Business Insider-ი. გამოცემა წერს, რომ ტანკერის იქ ყოფნას პირველმა ყურადღება მიაქცია ღია მონაცემების ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა. ის აღნიშნავს, რომ ტანკერისგან ოდნავ მოშორებით იყო იახტა, რომელსაც, გერმანიის მედიის მონაცემებით, შეიძლება კავშირი ჰქონდეს ასაფეთქებელი მასალის მიწოდებასთან.

Minerva Julie-ის მფლობელმა დაუდასტურა Business Insider-ს ხომალდის ბალტიის ზღვაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, ეკიპაჟი ელოდა ინსტრუქციას რეისთან დაკავშირებით, რაც მიღებული პრაქტიკაა. გამოცემის თანახმად, ინფორმაციამ Minerva Julie-ის შესახებ გამოიწვია ვარაუდები სოციალურ ქსელებში, ხომალდის ხანგრძლივი გაჩერების გარშემო, მაგრამ არსებული მონაცემებიდან არ ჩანს, რომ ეკიპაჟს დივერსიასთან კავშირი ჰქონდა.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის და „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის ოთხი განშტოებიდან, სამი დაზიანდა. „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ მილსადენი აღარ ამოქმედებულა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო. „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გერმანიაში და იქიდან ევროპის კავშირის ქვეყნებში რუსეთის გაზის მიწოდების მთავარი გზა იყო.

შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებამ აჩვენა, რომ მილსადენები ააფეთქეს, თუმცა დამნაშავეებს ვერ მიაგნეს. აშშ და ევროკავშირი, მათთან ერთად ბრიტანეთი, თვლიან, რომ მოხდა მიზანდასახული დივერსია. დასავლეთის მედია იტყობინებოდა, რომ აფეთქებებში შეიძლება ჩართული იყო პროუკრაინული დაჯგუფება, რომელმაც თავისი გეგმები კიევს არ შეუთანხმა და ცალკე მოქმედებდა. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს აფეთქებებთან.

რუსეთი თვლის, რომ ავარიით დაინტერესებული იყვნენ აშშ და მისი მოკავშირეები.

The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შარშან ზაფხულში აფრთხილებდა ევროპის ქვეყნებს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

XS
SM
MD
LG