Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საქმე აღიძრა სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურ აპტი ალაუდინოვზე თავდასხმის შემდეგ


აპტი ალაუდინოვი, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, რამზან კადიროვთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია
აპტი ალაუდინოვი, სპეცრაზმ "ახმატის" მეთაური, რამზან კადიროვთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწისა და სპეციალური ძალების მეთაურის, აპტი ალაუდინოვის მოწამვლის ამბავი გახდა ცნობილი. აპტი ალაუდინოვის გარდა, რომელიც ოფიციოზის თანახმად, ამჟამად უკრაინაში იბრძვის, დაზარალებულად ცნეს ასევე მისი ადიუტანტი ჯამბულატ მიზაევი.

ალაუდინოვის ადვოკატის, დენის შაპიროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი და მეტი პირის მკვლელობის მიზნით მოწყობილი თავდასხმის მუხლით.

შაპირო აცხადებს, რომ გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა. გამოძიების ფარგლებში ტარდება სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, კონკრეტულად რით მოიწამლა ალაუდინოვი.

13 თებერვალს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაური აპტი ალაუდინოვი მოწამლეს. პოლიტიკოსის თქმით, სამხედრო მოსამსახურემ თანაშემწეების მეშვეობით მიიღო წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, "ტოქსიკური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი." ალაუდინოვი და მისი ადიუტანტი მოსკოვის კლინიკაში გადაიყვანეს. არაფერია ცნობილი მოწამვლის ხასიათის შესახებ. კადიროვს ზუსტად არ უთქვამს, სად მოხდა მისი თანაშემწის მოწამვლის მცდელობა. თუმცა, ცნობილია, რომ თებერვლის დასაწყისში ალაუდინოვი უკრაინაში ომში იყო.

  • ჯერჯერობით შეუძლებელია დამოუკიდებელი წყაროებით იმის შემოწმება, მართლაც მოხდა თუ არა ალაუდინოვზე თავდასხმა და მოათავსეს თუ არა ის საავადმყოფოში.
  • ჩეჩნეთში რამზან კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსებმა ადრე განუცხადეს რადიო თავისუფლებას, რომ აპტი ალაუდინოვი უკრაინაში საომრად გაემგზავრა „ცოდვების გამოსასყიდად“. 2019 წელს მას ბრალს სდებდნენ რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ალაუდინოვმა უარყო ყველა ბრალდება. 2014 წელს ალაუდინოვი აშშ-ის სანქციების სიაში შეიყვანეს, ოდნავ მოგვიანებით მას უარი ეთქვა ლატვიაში შესვლაზე. 2020 წელს ალაუდინოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა.
XS
SM
MD
LG