Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი EU-ს დროშის დაწვაზე: შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა შეურაცხყოფს ხალხის ისტორიულ არჩევანს. ომბუდსმენი ფეისბუქსტატუსში აღნიშნავს, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ზომები ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

"საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული", - აცხადებს სახალხო დამცველი.

დღეს, 14 მარტს, ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.

XS
SM
MD
LG