Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორპორაცია Meta Platforms-ი ათი ათასი თანამშრომლის გათავისუფლებისთვის ემზადება


კორპორაცია Meta Platforms-მა, რომელიც ფლობს სოცქსელებს Facebook-სა და Instagram-ს და მესინჯერ Whatsapp-ს, გამოაცხადა, რომ ათი ათასი თანამშრომლის გათავისუფლებისთვის ემზადება. შარშან ნოემბერში კომპანია Meta-მ 11 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა.

როგორც BBC იტყობინება, Meta Platforms-ის ხელმძღვანელმა მარკ ზაკერბერგმა თანამშრომლებისადმი მიმართვაში დაწერა, რომ შემცირებები „მძიმე“ იქნება. კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უარი თქვას თანამშრომლების აყვანაზე არსებულ 5000 ვაკანსიაზე.

ზაკერბერგის აზრით, 2022 წელი, როცა Meta-ს მოგება სერიოზულად დაეცა, კომპანიისთვის „გამომაფხიზლებელი და საგანგაშო სიგნალი“ იყო. მისი თქმით, ახალი ეკონომიკური რეალობა მრავალ წელს იქნება შენარჩუნებული. ადრე Meta-ში განაცხადეს, რომ 2022 წლის უკანასკნელ კვარტალში კომპანიის მოგება 4%-ით დაეცა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მაინც გადააჭარბა 23 მილიარდ დოლარს.

15 მარტს შემცირების შესახებ პირველები შეიტყობენ რეკრუტირების განყოფილებები. აპრილის ბოლოს დაიწყება პირველი შემცირებები ტექნიკურ განყოფილებებში, მაისის ბოლოს კი - ბიზნესის განყოფილებებში.

ზაკერბერგის მიმართვის ნაწილი ეძღვნება Meta-ს ტექნიკური თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას სამუშაოდ. ზაკერბერგის შეფასებით, „კარიერის ადრეულ სტადიებზე ინჟინრები უფრო ეფექტიანად მუშაობენ, თუკი კვირაში მინიმუმ სამჯერ მიდიან ოფისში“.

Meta IT სექტორის ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს. კომპანია Alphabet-მა, რომელიც Google-ს ფლობს, უკვე 12 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლა. Amazon-მა კი გამოაცხადა, რომ 18 ათას ადამიანს გაათავისუფლებს „ეკონომიკაში გაურკვეველი ვითარების“ გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG