Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ერდოანმა მიანიშნა, რომ ეთანხმება ნატოში ფინეთის მიღებას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 2023 წ. 10 მარტი.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. ანკარა, 2023 წ. 10 მარტი.

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო თურქეთში მიემგზავრება და 17 მარტს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდება.

ნიინისტო, რომელსაც თან ახლდება საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, მოლაპარაკებებს გამართავს აღდგენით სამუშაოებზე, რომლებიც ტარდება თებერვალში თურქეთში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრების შემდეგ. საუბარი შეეხება ასევე „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატოში“, იტყობინება პრეზიდენტის ოფისი.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში იცავდნენ, და ნატოში გაწევრიანება ითხოვეს. დღეისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ სკანდინავიის ორი ქვეყნის განაცხადების რატიფიკაცია.

თურქეთში ნიინისტოს ვიზიტის წინ ერდოანმა გააკეთა განცხადება, რომელიც, მრავალთა აზრით, ნიშნავს ნატოში ფინეთის მიღებაზე თანხმობას.

„პარასკევს ჩამოვა ფინეთის პრეზიდენტი, ჩვენ შევხვდებით და გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთების პირობაც დავდეთ. ვიმედოვნებ, ასეც იქნება“, - თქვა ერდოანმა პრესასთან შეხვედრაზე, როცა ჰკითხეს ნატოში ორი ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის შესახებ.

თურქეთს არასოდეს უთქვამს უარი ნატოში ფინეთის წევრობაზე, მაგრამ გადაწყვეტილი აქვს, დაბლოკოს შვედეთის განაცხადი.

სტოკჰოლმის მიმართ ანკარის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ შვედეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერებს. ეს პარტია თურქეთის ხელისუფლებას ებრძვის და ერდოანი მას მიიჩნევს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომელიც მუქარას წარმოადგენს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG