ბელარუსის "კაგებემ" დააპატიმრა ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე დმიტრი შედკო, რომელიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარ დივერსიაში მონაწილე ადამიანებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრ "ვიასნის" ინფორმაციით, ბელარუსის უშიშროების ძალებმა შედკო 10 მარტს დააკავეს. ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოახერხა კოლეგების ინფორმირება მასთან „ეფესბეს“ ოფიცრების მისვლის შესახებ. დმიტრი შედკო მაშინვე გადაიყვანეს მინსკში. დაკავების მიზეზები არ არის ცნობილი.
შედკოს დაკავების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გავრცელდა. "ვიასნის" თანახმად, ის პირადად იცნობდა ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარი დივერსიული თავდასხმის საქმეზე დააკავეს. სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც შედკო ერთ-ერთ ეჭვმიტანილთან, ეცგენი ტოჩიცკისთან, ერთად არის გამოსახული.
ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“) - რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.