Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალს, რომელიც სისტემაში შესაძლო დანაშაულზე საუბრობდა, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ნატალია ზარდიაშვილი
ნატალია ზარდიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნატალია ზარდიაშვილს, რომელიც მანამდე ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ხელმძღვანელისა და ექიმების ჩართულობით წამლის დანაშაულებრივი გზით გატანაზე საუბრობდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს, 17 მარტს გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ქალი სხდომათა დარბაზში დააკავეს.

"თეორიული დაშვების პირობებში, რომ ეს სამოქალაქო ვალდებულებაც არის, როდესაც დანაშაულის შემსწრე ხართ, აღნიშნულის გამოვლენას ხელი უნდა შეუწყოთ. მაგრამ ეს მოცემულობ არ გამორიცხავს თქვენი მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს", - უთხრა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ბრალდებულს.

მსჯავრდებულის უფლებებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ზარდიაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საჯაროდ გადაწყვიტა სისტემის პრობლემებზე საუბარი.

"2020 წლის 6 ივლისს დაიწყო წარმოება, ფაქტი მოხდა 2020 წლის 8 თებერვალს... 6 თვის შემდეგ ნატალიამ საჯარო დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დანაშაულის პრევენციის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებრივი სქემა იყო - ამბობდა, რომ ხელმძღვანელობა და ექიმები ჩართული იყვნენ წამლის გატანის სქემაში. ამაზე გააკეთა ნოდარ მელაძემ [TV პირველის წამყვანი] მასალა და ამის საპასუხოდ "პოს ტვ"-მ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც გამოიყენეს 8 თებერვალს გადაღებული კადრებიც", - ამბობს მარიკაშვილი.

ზარდიაშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ისჯება ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით.

"8 თებერვალს ბენეფიციარმა წესრიგი დაარღვია და ნატალიას შეურაცხყოფა მიაყენა - ნატალიამ და მისმა მეწყვილემ ჯერ მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა წესების დარღვევა და შემდეგ პროპორციული ძალის გამოყენებით, ხელის ბიძგებით გაიყვანეს ოთახიდან. ეს ფაქტი იმავე დღეს იცოდა ხელმძღვანელობამ, თუმცა ექვსი თვის განმავლობაში რეაგირება არ ჰქონიათ", - ამბობს ადვოკატი.

ის აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პრობლემურია პროპორციულობის ნაწილი იმ შემთხვევაში კი, თუკი მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავედ მიიჩნევა.

"დაზარალებული ამბობდა, რომ ფიზიკური ზიანი არ მიუღია, საუბრობდა მხოლოდ მორალურ ზიანზე. სასჯელი 6 წელია, როცა 3 წელი გარეთ იყო და არ ჰქონდა აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებაში სული გამტყუნება არის პრობლემური", - თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG