Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას, ხვალვე გაიცეს თანხმობა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან ჩამოსვლაზე - ხაბეიშვილი


ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მომდევნო კვირაშივე გასცეს თანხმობა პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. ამ თემაზე მან დღეს, 19 მარტს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიასაც მოუწევს "კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა".

"ჩვენ რუსული ოცნებისგან, [იუსტიციის მინისტრ] რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე, [მოწვეულ ექიმებს] შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე, მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, მაგრამ ამ სიტყვების იქით, საქმე არ მიდის.

ამიტომ, ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად გაიცეს თანხმობა არა სიტყვიერი, არამედ, დოკუმენტით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას უკვე რამდენიმე კვირაა, ელოდება.

16 მარტს, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პენიტენციური სამსახური "არ იქნება წინააღმდეგი", მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.

შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მალგოჟატა გოშევსკა ინფორმაციით, სამედიცინო ჯგუფი უკვე მზადაა საქართველოში გასამგზავრებლად და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, შემდეგ კი დასკვნის მომზადება. ამის შესახებ გოშევსკა პოლონურ მედიას ესაუბრა.

კითხვაზე, ვინ იქნებიან გუნდში, რომელიც საქართველოში გაემგზავრება, გოშევსკა პასუხობს, რომ ეს იქნება პოლონელი მედიკოსების გუნდი, რომელიც ევროპული გადაწყვეტილებების საფუძველზე იმოქმედებს:

"ამაზე 27 ქვეყანა დათანხმდა და ეს მისია მათი პატრონაჟით იქნება.
ასე რომ, ეს იქნება ევროპული მისია, თუმცა პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული. ყოფილი პრეზიდენტის გამოკვლევის შემდეგ, სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს, იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი".

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.
XS
SM
MD
LG