Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ისევ უტევს აღმოსავლეთს, სხვა მიმართულებებით კი, თავს იცავს


უკრაინის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 20 მარტი
უკრაინის თავდაცვის ძალების ტანკები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 20 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 21 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 32 საავიაციო და 10 სარაკეტო დარტყმა და 90 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციის მიზნით, რუსეთი განაგრძობს შეტევებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკის და შახტარსკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 114 შეტევა. გენერალური შტაბის ცნობით, სხვა მიმართულებებით, მათ შორის ზაპორჟიესა და ხერსონში, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმში არიან.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 6 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, საბრძოლო მასალების საწყობი და რადიოლოკაციური სადგური. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, 21 მარტს განადგურებულია 15 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59.

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა 22 მარტსაც. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილით განაცხადა, რომ რუსეთმა განახორციელა მორიგი, მასირებული შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed-136. გენშტაბის წინასწარი ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 21 დრონიდან 16.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG