Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაუსწრებლად გაასამართლეს რუსეთის დუმის 20 დეპუტატი


ფოტო არქივიდან. რუსეთის დუმის დეპუტატი ოთარ არშბა
ფოტო არქივიდან. რუსეთის დუმის დეპუტატი ოთარ არშბა

უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა რუსეთის დუმის 20 დეპუტატს.

მათ წინააღმდეგ საქმეს იძიებდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. მისი ინფორმაციით, 2022 წლის 15 თებერვალს, დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი, ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული რაიონების "დამოუკიდებლობა", 22 თებერვალს კი, მხარი დაუჭირეს უკრაინის ამ რეგიონებთან ე.წ. "მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რაც კრემლმა გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, რომელმა სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი რუსეთის დუმის დეპუტატებს. მათ შორისაა საქართველოში დაბადებული ოთარ არშბა, რომელიც პარტია „ედინაია როსიას“ წევრია და რუსეთის დუმაში ხელმძღვანელობს დეპუტატების შემოსავლების კონტროლის, სამანდატო საკითხების და ეთიკის კომისიას.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1955 წელს სოხუმში დაბადებული ოთარ არშბა 13 წლის ასაკამდე ბათუმში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადასახლდა რუსეთში, სადაც საბჭოთა უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. 1980-1990-იან წლებში იყო ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი, რუსეთის უშიშროების ოფიცერი და მოსკოვში კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებს. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან არშბა ბიზნესმენი გახდა და მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა, 2004 წლიდან კი, რუსეთის დუმის დეპუტატია. ოთარ არშბა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაშია.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველა უკრაინელ პროკურორს და მოსამართლეს, ვისაც კავშირი აქვს რუსეთის დუმის დეპუტატების მიმართ „უკანონო გადაწყვეტილებების“ მიღებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG