Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში 49 წლის მამაკაცი Z-იანი მაისურისთვის დააჯარიმეს


საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვი, 2022 წ. 27 მაისი.
საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვი, 2022 წ. 27 მაისი.

გერმანიის ქალაქ ვისბადენის სასამართლომ რუსული წარმომავლობის მოქალაქე 1500 ევროთი დააჯარიმა მაისურის ტარებისთვის, რომელზეც გამოსახული იყო სიმბოლო Z. ამის შესახებ გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი იტყობინება.

სასამართლომ დაადგინა, რომ 49 წლის ელექტრიკოსი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, სამსახურში მივიდა შავი მაისურით, რომელზეც თეთრი Z იყო გამოსახული. სასამართლო პროცესის განმავლობაში კაცმა თქვა, რომ რუსული მედიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნა, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ. თავად ბრალდებული 1992 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, სადაც ის რუსეთიდან ჩავიდა და მოქალაქეობა მიიღო.

მაისური, რომელიც რუსმა მეგობარმა აჩუქა, ბრალდებულმა ჩაიცვა უკრაინული დროშის პასუხად, რომელიც გამოფენილია მისი კომპანიის შენობაზე. ბრალდებულის თქმით, მან არ იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა და რომ სინანულს გამოხატავს არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ მედიასაშუალებების შერჩევისთვისაც.

ვისბადენში, ისევე როგორც გერმანიის ზოგიერთ ფედერალურ მხარეში, Z-ის დემონსტრირება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, ვინაიდან ამან „შეიძლება დაარღვიოს საზოგადოებრივი სიმშვიდე“. მოსამართლე დათანხმდა, დახუროს საქმე, თუ ბრალდებული დროულად გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას. თანხა გადაირიცხება ფონდში, რომელიც შეწირულებებს აგროვებს სირიასა და თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე იმათთვის, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდა.

ასო Z ოფიციალურად ითვლება უკრაინაში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ. მას აწერენ რუსულ სამხედრო ტექნიკას, რომელიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობს. რუსეთში ეს სიმბოლო არაერთხელ გამოუყენებიათ ომის მხარდამჭერ აქციებზე.

რუსეთში ჯარიმაა გათვალისწინებული Z-ის დაზიანების ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG