Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოიარსკის გუბერნატორის ვაჟი იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა


საილუსტრაციო ფოტო: იტალიის პოლიცია
საილუსტრაციო ფოტო: იტალიის პოლიცია

ბიზნესმენი და კრასნოიარსკის ოლქის გუბერნატორის შვილი, იტალიაში შინაპატიმრობაში მყოფი არტემ უსი პატიმრობიდან გაიქცა. ამის შესახებ იტყობინებიან იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ და სააგენტო „ანსა“.

ჟურნალისტების თქმით, უსმა ელექტრონული სამაჯური გატეხა და კარაბინერების მისვლამდე მილანში, ბინიდან გაუჩინარდა. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

21 მარტს ცნობილი გახდა, რომ მილანის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა უსის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში. იქ მას ბრალად ედება სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით ელექტრონიკისა და ვენესუელის ნავთობის ვაჭრობაში, ფულის გათეთრებასა და საბანკო თაღლითობაში.

ვაშინგტონი ირწმუნება, რომ უსის კომპანიებმა შეიძინეს ელექტრონიკა და გაუგზავნეს რუსეთში მყოფ სანქცირებულ მეწარმეებს. საუბარი შეეხება, კერძოდ, თანამედროვე ნახევარგამტარებსა და მიკროპროცესორებს, რომლებიც გამოიყენება რუსულ გამანადგურებლებში, სარაკეტო სისტემებში, საბრძოლო მასალებში, რადარებსა და თანამგზავრებში.

უსი უარყოფს დანაშაულს და რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს.

გამოცემა "ანსა" ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა შემდგომში შეიძლება განიხილოს უსის გაცვლის საკითხი ამერიკელ პოლ უილანზე, რომელსაც 2020 წელს რუსეთში 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG