ნიჟნი ნოვგოროდის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მორდოვეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის მოქალაქის, პოლ უილანის საქმეზე, რომელსაც რუსეთში 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით.
ადვოკატები საქმის განხილვაში უილანის მონაწილეობას მოითხოვდნენ, მაგრამ სასამართლოს სხდომა მის გარეშე ჩატარდა.
მანამდე მორდოვეთის უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა უილანის შუამდგომლობა აშშ-ში მისი დეპორტაციის შესახებ და იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა მოთხოვნა, რომელშიც ითხოვს დადგინდეს, მზად არის თუ არა აშშ უილანის მისაღებად და იქ მოიხდის თუ არა რუსეთის სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელს.
უილანის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებიონკოვმა მორდოვეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მიიჩნია და გაასაჩივრა ის. „სასამართლომ უბრალოდ ხელები დაიბანა, განზე გადგა“, - თქვა მან. ახლა გაუგებარია, საბოლოო ჯამში ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთში გასამართლებული ამერიკელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, განაცხადა ადვოკატმა.
ჟერებიონკოვმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ, მისი მონაცემებით, ამჟამად რუსეთსა და აშშ-ს შორის არ წარმოებს რაიმე სახის მოლაპარაკებები ამერიკისთვის უილანის გადაცემის თაობაზე. ადვოკატის თქმით, ყველა სახის მოლაპარაკება, მათ შორის, აშშ-ისთვის უილანის გადაცემის თაობაზე, შეჩერებულია.
ადვოკატმა დააზუსტა, რომ, მისი აზრით, აშშ-ში უილანს მძევლად მიიჩნევენ. ძნელი სავარაუდოა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთში გამოტანილი განაჩენის ცნობის გარეშე მოხერხდეს უილანის გადაცემა აშშ-სთვის, აღნიშნა ჟერებიონკოვმა. მანამდე უილანის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათ კლიენტს არა აქვს იმედი, რომ აშშ მის გაცვლას დათანხმდება და რომ „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კეთილი ნების“ იმედი აქვს.
აშშ-ის მოქალაქეს, პოლ უილანს, რომელსაც ასევე ირლანდიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაც აქვს, 2020 წლის 15 ივნისს გამოუტანა განაჩენი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ. მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით. გამოძიების თანახმად, ამერიკელს აღმოუჩინეს ელექტრონული მონაცემები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოს შეადგენდა. უილანი დანაშაულს არ აღიარებს.