Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინო ეშვება ჯოჯოხეთში


„პიანისტი ქალი“ (2001, ავსტრია-საფრანგეთი, რეჟისორი მიხაელ ჰანეკე)

2020 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ 21-ე საუკუნის 25 საუკეთესო კინომსახიობის სია გამოაქვეყნა. გამოკითხვის შედეგები თავად კინემატოგრაფისტებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. სიის სათავეში დენზელ ვაშინგტონი ვიხილეთ, მეორე ნომრად კი ფრანგული კინოს ვარსკვლავი, იზაბელ იუპერი დასახელდა. იზაბელის დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო (ებრაელი მამა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს ემალებოდა), ამიტომ ინგლისური ბავშვობიდან მისი მეორე ენა გახდა. ევროპელი მსახიობისთვის კი ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ჰოლივუდში წარმატების მოსაპოვებლად. ამერიკაში, მოგეხსენებათ, დიდად არ უყვართ დუბლირებული ფილმები და, მით უმეტეს, სუბტიტრების კითხვა. თუმცა ამ გამოკითხვას მაინც შოკივით უნდა ემოქმედა ჰოლივუდის ვარსკვლავებზე. იზაბელი ხომ არანაირად „არ ჯდება“ სტანდარტებში, რომლებსაც ვარსკვლავების სისტემა უქმნის კინომსახიობებს.

16 მარტს იზაბელ იუპერს 70 წელი შეუსრულდა. მას გაუხსენეს დიდი როლები და ერთი სკანდალიც, რომელიც 2009 წლის კანის კინოფესტივალს უკავშირდება. იზაბელი იქ ჟიურის თავმჯდომარე იყო. ფესტივალის დირექციამ უძლიერესი საკონკურსო პროგრამა შეადგინა; „ოქროს პალმისთვის“ იბრძოდნენ კვენტინ ტარანტინო, კენ ლოუჩი, პედრო ალმოდოვარი, ალენ რენე, ჯეინ კემპიონი, ლარს ფონ ტრიერი. მაგრამ გაიმარჯვა სულ სხვამ - ავსტრიელმა რეჟისორმა მიხაელ ჰანეკემ. მისი ფილმის, „თეთრი ბაფთის“ ტრიუმფი მაშინვე დაუკავშირეს ჟიურის თავმჯდომარეს - იზაბელ იუპერი იმხანად ჰანეკეს მუზად ითვლებოდა. ჰანეკესთან ითამაშა მან თავისი ყველაზე რთული როლი - ერიკა ფილმში „პიანისტი ქალი“... რთული და შესაძლებელია, საუკეთესოც. ისევე როგორც საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ „პიანისტი ქალი“ თავად ჰანეკეს შემოქმედებაში. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რომელიმე სხვა მსახიობი (მათ შორის ის, ვინც ცოცხალი აღარაა) ამ როლში. თითქოს იზაბელისთვისაა გადაღებული. მეტიც, თითქოს ავსტრიელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ელფრიდე იელინეკმა 1983 წელს „პიანისტი ქალი“ სწორედ იუპერისთვის დაწერა - თითქოს იუპერი წარმოიდგინა მაშინ, როდესაც ამ ტექსტში ადამიანური მანკიერებების გაშიშვლება გადაწყვიტა. ცხადზე ცხადია, რომ იელინეკის რადიკალურ, პრინციპულად უხეშ სტილს ყველაზე მეტად იზაბელი მოუხდებოდა, თავისი გამომწვევი გაყინულობით, ემოცების სიძუნწით და, რა თქმა უნდა, ინტელექტით.

„პიანისტი ქალი“ არის ამბავი ვენის კონსერვატორიის პროფესორისა, დათრგუნული შინაბერა ქალისა, რომელმაც საზარელ დამცირებას გაუძლო ცხოვრებაში, სისასტიკეს დედის მხრიდან (ისევ დედასთან ერთად სძინავს) და ახლა შურს იძიებს... შურს იძიებს პირველ რიგში აღზრდის სისტემასა და კულტურაზე, ვერანაირად რომ ვერ გახადა ბედნიერი. ფილმს მესამე გმირიც ჰყავს, აბიტურიენტი ვალტერი, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, რომლისგანაც ერიკა მოძალადეს ქმნის, უპირველესად იმის დასადასტურებლად, რომ ძალადობის ვნება „ყველა კაცშია“. ამ სამ პერსონაჟს „პიანისტ ქალში“ შუბერტის მუსიკა ემატება. ჰანეკე და იუპერი ფაქტობრივად ასამართლებენ და აშიშვლებენ ალბათ ყველაზე ამაღლებულს, ყველაზე უბიწოს, რაც კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია - მუსიკას. ზოგადად, კულტურას.

„პიანისტი ქალი“ - ესაა სასტიკი, ულმობელი (სისხლიანი!) ომი სექსუალობისა მაღალ ხელოვნებასთან, სულიერების დაპირისპირება თვითგანადგურებასთან, საკუთარი თავის (სხეულის) დაზიანებასთან. იმ გროტესკულ სადომაზოხიზმში, რომელსაც ჰანეკე უხვად გვთავაზობს, სარკაზმი ნელ-ნელა იბადება. ჰანეკეს ფილმს „შავი იუმორი“ (ფილმს თუ გნებავთ „ტრაგიკომედია“ ვუწოდოთ) რომ არ ჰქონდეს, დაგვრჩებოდა უბრალოდ ქედმაღლური ინტელექტუალური განსჯა არაცნობიერზე, რომელიც ერთდროულად ქმნის სილამაზეს და ანგრევს ადამიანს. თუკი სადომაზოხისტურ სეანსებზე, რომელსაც ერიკა უწყობს ახალგაზრდა კაცს (საკუთარ თავსაც), გულში მაინც არ გაგეცინათ, სჯობს აღარ გააგრძელოთ ფილმის ყურება. გაფრთხილებთ, ჰანეკე ის რეჟისორი არაა, რომელსაც სურს თავი მოგაწონოთ. მით უმეტეს არ ცდილობს ამას იზაბელ იუპერი (პარადოქსია, არა? მსახიობია, ბოლოს და ბოლოს). იზაბელის გმირი მიუკარებელია, ისეთივე ცივი, როგორიც ავსტრიელი რეჟისორის სტილი. ეგაა, რომ ტანჯვა გამოხატული არა ხმაურიან ისტერიკაში, არამედ გაყინულ სახეში, კიდევ უფრო აძლიერებს მარტოობის განცდას. ერიკა (მთლიანად, მიხაელ ჰანეკეს კინოც) იმ წმინდანს ემსგავსება, რომელიც საკუთარი ნებით ეშვება ჯოჯოხეთში.

როცა მაღალ კულტურას ნიღაბი მოეხსნება, იმის ნაცვლად, რასაც „სულიერს“ ვუწოდებთ, გვრჩება პირუტყვული ინსტინქტები. ამაზე შეიძლება გავბრაზდეთ, მაგრამ ამან შეიძლება ხმამაღლა გვაცინოს. გაშიშვლებული თვალთმაქცობა ყოველთვის სასაცილოა.

ერიკა მთელი არსებით ებღაუჭება მუსიკას, შექმნილს პატრიარქალური კულტურის სივრცეში (როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, „თეთრკანიანი მამაკაცის“ სივრცეში). ამ კულტურასთან შეზრდის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ რაღაც მომენტში მაყურებელი ხვდება - მუსიკის მასწავლებელი თავადაა ეს კულტურა, ანუ განსახიერება სწორედაც რომ არა ქალის (ქალის როლი ამ კულტურული სისტემის შექმნაში მინიმალური იყო. ან საერთოდ არ ყოფილა), არამედ მამაკაცური კულტურისა. აქ იბადება სწორედ სხვისი დათრგუნვის მოთხოვნილება, ვუაიერისტის როლის მორგების სურვილი. ერიკა, მაგალითად, შედის სექსშოპში და დემონსტრაციულად უყურებს პორნოს, სადომაზოხისტური სცენებით... შედის იმ სივრცეში, რომელიც იდეაში მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნით, მამაკაცებისთვისაა შექმნილი. მისი სურვილი, გაუსწორდეს მჩაგვრელ კულტურას ამავე კულტურის ენით და ფორმებით, აკვიატებად, სიგიჟედ იქცევა. მაგრამ ამ ბრძოლაში პიანისტი-პროფესორი მარცხდება. ჯერაც მეტისმეტად ძლიერია პატრიარქატი, შენიღბული შუბერტით და დოსტოევსკით. მარტოხელა მონადირე ქალი არსებულ სისტემას ვერ დაამარცხებს, თუკი ერიკასავით ჟანა დარკის პაროდიად იქცევა და სოლიდარობის გრძნობას, ადამიანის სიყვარულს მოკლებული იქნება.

მძიმეა გაცნობიერება იმისა, რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად და მართავს ჩვენს ცხოვრებას. არაა ადვილი არც იმ ხალხის, იმ არტისტების ატანა, ვისაც სარკე მოაქვს ჩვენთან და გვთხოვს ჩავიხედოთ. მეტიც, სარკეში აღბეჭდავს არა მარტო ადამიანს, არამედ ყველაზე დაფასებულს, ყველაზე სახელმოხვეჭილს, იმას, რასაც ჩვენ „სულიერებას“, „სილამაზეს“, „კულტურას“ ვუწოდებთ. სილამაზით მონუსხულებს ხშირად გვავიწყდება, რომ ეს კულტურაც გარკვეული სისტემის პროდუქტია. „პიანისტ ქალში“ კულტურა (ამ შემთხვევაში მუსიკა) უძლურია იხსნას ადამიანი უსიყვარულობისა და ზიზღისგან. კულტურას შეუძლია მხოლოდ შენიღბოს ყველაზე მდაბალი, ველური ვნებები, „ნაგავი“, რომელსაც არტისტი, თუკი ერიკასავით მონობაში გაიზარდა, თავის თავში მუდმივად ატარებს. კულტურა არ შეიძლება იქცეს ინდულგენციად, რომელიც სისასტიკეს გაამართლებს. ხალხი იამაყებს დოსტოევსკით და, ამავდროულად, მოაწყობს ბუჩას. არავის სჭირდება ასეთი კულტურა, მისი პატრონის გარდა, რათა საბრალდებო სკამზე რაღაცით მაინც გაიმართლოს თავი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG