Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიჭვინთის თემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს - დარჩიაშვილი


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განაცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა პარლამენტში, დეპუტატების ჯგუფის მიერ ინტერპელაციის წესით გაგზავნილი შეკითხვების პასუხად.

ილია დარჩიაშვილის სიტყვებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება.

„ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში, "კონფლიქტი საქართველოში" და ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი.

შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება. შეთანხმების საგანია ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის, გადაცემის საკითხსაც.

აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

გასული წლის ივლისში ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა საჭირო არ არის. მისი სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით „გააერთიანებენ ქვეყანას“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესი, ის საქართველოს ტერიტორიების ანექსიად შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG